---იხტიოფტირიუსი--- იხტიოფტირიუსი, აკვარიუმისტებს შორის უფრო ცნობილი ”იხტიკა”-ს სახელით, არის აკვარიუმის თევზების ალბათ ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც გამოიხატება დაავადებულ თევზის ფარფლებზე და სხეულზე თეთრი რგოლების/წინწკლების/ბურთულების სახით, მაგრამ ასევე შეუძლია ჩასახლდეს ლაყუჩებში, გამოიწვიოს მათი დაშლა და შედეგად თევზის დახრჩობა. "იხტიოფტირიუსით დაავადებული თევზები"
რას წარმოადგენს იხტიკა? იხტიოფტირიუსი სხვა არაფერია, გარდა ინფუზორიის ერთ-ერთი სახეობისა. დიახ, სწორედ რომ ინფუზორიის, რომლის შესახებ სკოლებში ბიოლოგიის გაკვეთილზე ვსწავლობდით (ვისაც არ ახსოვს, ცუდად სწავლობდა biggrin.gif). აკვარიუმში ხვდება ახალ დაავადებულ თევზთან ერთად, ასევე ინფიცირებული აკვარიუმიდან გადმოტანილ დეკორაციებთან და მცენარესთან ერთად. იხტიკას სიცოცხლე განვითარების რამოდენიმე სტადიაში გამოიხატება. აკვარიუმში მოხვედრისას, პარაზიტი ეგრევე ეკრობა ძირითადად დასუსტებულ თევზს და თავის გარშემო ჰქმნის თეთრ არაგამჭირვალე გარსს. სწორედ ამ გარსს და არა თავად პარაზიტს ვხედავთ ჩვენ. განვითარების ასეთ სტადიას ცისტა ჰქვია და ამ დროს პარაზიტი იკვებება, იზრდება და მრავლდება ამ გარსის ქვეშ. მომწიფების შემდეგ (მომწიფების პერიოდი 3-დან 2 კვირამდე იკავებს და დამოკიდებულია აკვარიუმის წყლის ტემპერატურაზე) ცისტა სკდება და გარეთ მრავალ პარაზიტს უშვებს, რომლის ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მიეკროს ახალ პატრონს და ყველაფერი თავიდან იწყება. თევზი იწყებს ფხანას, ცდილობს მოიშოროს ეს არასასურველი სისხსლისმწოველი მგზავრები. ბუნებაში, იხტიკა იშვიათად თუ კლავს თევზს, რადგან მცირე რაოდენობებში სახლდება მასზე, აი აკვარიუმში კი ფაქტიურად კოლონიებს ჰქმნიან. მოკვდება თეგზი თუ არა, სულ რაღაც წუთებში, პარაზიტი წყდება თავის აწ უსარგებლო პატრონს და მიექანება ახალის საძებნად. ამისათვის მას 2, მაქსიმუმ 3 დღე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შიმშილისგან კვდება. ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ მკურნალობაზე. პირველ რიგში, აკვარიუმის წყლის ტემპერატურა უნდა აწიოთ 28-30 გრადუსამდე. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ასეთ მაღალ ტემპერატურაზე ცისტას სტადიას პარაზიტი გაივლის მალე და აფეთქების შემდეგ უკვე სამკურნალო პრეპარატების პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ ხვდება. სამკურნალო პრეპარატების სახით ძირითადად გამოიყენება Sera Costapur, Tetra Contralck და მალახიტის მწვანე (იშვიათად თუ ნახავთ სადმე გაყიდვაში). ამ პრეპარატების შეტანა ხდება შემდეგ დოზებში: Sera Costapur – 1 მლ. ან 22 წვეთი 40 ლიტრაზე Tetra Contralck – 5 მლ. 20 ლიტრაზე მალახიტის მწვანე - 1 მლ. 20 ლიტრაზე დაუშვებელია ამ პრეპარატების ერთმანეთში არევა! ახალი დოზის შეტანა საჭიროა პირველ, მესამე და მეხუთე დღეს და ასე, დღეგამოშვებით, სანამ თევზებს არ გაუქრებათ ეს თეთრი წინწლკები სხეულზე. დაავადების დამარცხებაში აბსოლუტურად დარწმუნებული რომ ვიყოთ, წინწკლების გაქრობის შემდეგ მკურნალობას კიდევ 2 დღე ვაგრძელებთ, რათა დავამარცხოთ თვალისთვის შეუმჩნეველი ლაყუჩებში სავარაუდოდ ჩასახლებული პარაზიტები. კურსის დასრულების შემდეგ, წყლის წამლისგან გასუფთავებისთვის, ისევ ვცვლით აკვარიუმის წყლის მოცულობის ¼-ს და ფილტრში ვდებთ აქტივირებულ ნახშირს . შენიშვნა: მკურნალობის დაწყებამდე ამოიღეთ ფილტრიდან აქტივირებული ნახშირი, რა თქმა უნდა თუ საერთოდ დევს შიგნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალში გახსნილ სამკურნალო პრეპარატებს ეფექტი არ ექნებათ! დღეისათვის ეს არის ძირითადი ინფორმაცია, რომლის გაზიარება მინდოდა თქვენთან. სხვა კითხვებისთვის მოგვმართეთ აქ, ფორუმზე და ჩვენ ჩვენს მხრივ ვეცდებით უპასუხოდ არ დავტოვოთ თქვენი შეკითხვა.
|